აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლაიკური კავშირების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის ინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საუბარია საქართველოში მაიკ პომპეოს მიმდინარე ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს დაამყარა.

„აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღესაც რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებულად. როგორც საქართველოში კონფლიქტების საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე, აშშ ამ პრინციპების მხარდაჭერაში აქტიური როლის შესრულებას განაგრძობს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია რჩება მნიშვნელოვან პლატფორმად დისკუსიებისთვის ორმხრივ სამუშაო ჯგუფებთან – დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ასევე ადამიანებს შორის კონტაქტებზე და კულტურულ გაცვლით პროგრამებზე. ჩვენი პარტნიორობის ყოვლისმომცველი ბუნების მაჩვენებელია აშშ-ის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის უცხოური დახმარების სახით საქართველოსთვის 2019 ფისკალურ წელში 127 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აქვთ ძლიერი გაცვლითი პროგრამები დაწყებული უფროსკლასელებისთვის გათვალისწინებული „ფლექსის“ პროგრამით, დამთავრებული მკვლევრებისთვის გათვალისწინებული „ფულბრაითის“ პროგრამით. აქვე ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩო ასევე მხარს უჭერს საქართველოში 600-ზე მეტი მოსწავლისთვის ინგლისური ენის სწავლებას. საქართველოში რეგისტრირებულია აშშ-ის საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების ხუთი ათასზე მეტი კურსდამთავრებული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ფიგურები და გამოჩენილი ხელოვანები.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო არის აშშ-ის მიერ ინიცირებული რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის წევრი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში მისწრაფებებს და ძლიერად აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც მას უკვე შეაქვს ალიანსის ოპერაციებში, მათ შორის როგორც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორს. აღნიშნული მისიის მხარდასაჭერად საქართველოს 32-ე ბატალიონი გაემგზავრება ავღანეთში დეკემბერში. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო დარჩება ავღანეთში იმდენ ხანს, რამდენსაც აშშ.

„ქართველი სამხედროები მამაცურად მსახურობენ და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ქართველებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ან დაშავდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისას. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავისი მიზნის მიღწევაში – შესაძლებლობების განვითარებაში მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი თავის დასაცავად და აშშ არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) არის აშშ-საქართველოს ორმხრივი პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებაზე და საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაზე, დანაყოფების შესაქმენლად, რომლებიც მზად იქნებიან, დასახული ეროვნული ამოცანების, კერძოდ, ტერიტორიული თავდაცვის, შესასრულებლად. აღნიშნული პროგრამა 2021 წლის ბოლომდე მოქმედებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ და საქართველო მუშაობენ ერთად, რათა განსაზღვრონ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ პროგრამის წარმატების საუკეთესოდ განვითარება უსაფრთხოების სფეროში მომავალი ორმხრივი თანამშრომლობისას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აშშ-მა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით 100 მილიონამდე დოლარი გამოუყო. აღნიშნული დახმარება მოიცავს თანხებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი იარაღისა და ინდივიდუალური აღჭურვილობის შესაძენად, საზღვაო სფეროში ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად და საქართველოს სპეციალური დანიშნულების ძალების გასაძლიერებლად. საქართველო ასევე იღებს დაახლოებით ორ მილიონ დოლარს წელიწადში საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და მომზადების დაფინანსებისთვის. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის 60 პროცენტზე მეტი აშშ-ის სამხედრო განათლების სისტემის კურსდამთავრებულია.