აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი - აშშ იქნება პასუხისმგებელი უკრაინის დამარცხებაზე, თუ კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს ვერ დაამტკიცებს
აშშ იქნება პასუხისმგებელი უკრაინის დამარცხებაზე, თუ კონგრესი ვერ დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.
„ვესაუბრე კონგრესის წევრებს, ჩემს კოლეგებს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ ეს არის მძიმე ვითარება და ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები უკრაინის დამარცხებაზე, თუ ვერ მოვახერხეთ, უკრაინას საჭირო დაფინანსება გამოვუყოთ“, – განაცხადა იელენმა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება ასევე აუცილებელია ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომლებიც უფრო დიდ დახმარებას უწევენ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებაში.
„უკრაინას ფული ეწურება. ისინი ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე იღებენ და მათ არ ექნებოდათ არც სკოლა, არც საავადმყოფო ან პირველი დახმარების სამსახურები, რომ არა ფული, რომელსაც ჩვენ მათ ვუგზავნით. მხარი დაუჭირეთ მათ“, – განაცხადა იელენმა.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომლის მოცულობაც 111 მილიარდი დოლარია. 167-გვერდიანი დოკუმენტი 15 მილიარდი დოლარით – უკრაინის და 10.6 მილიარდი დოლარით ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს საპროცედურო კენჭისყრაზე დღეს გაიტანენ.