აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი - რუსეთის მხრიდან დამაზიანებელ აქტივობებთან კავშირის გამო, უკრაინის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი - რუსეთის მხრიდან დამაზიანებელ აქტივობებთან კავშირის გამო, უკრაინის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა

აშშ-მა სანქციები დააწესა უკრაინის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან „საზღვარგარეთ რუსეთის მხრიდან დამაზიანებელ აქტივობასთან“. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩი, ოპოზიციონერი დეპუტატები – ტარას კოზაკი და ოლეგ ვოლოშინი, ასევე უმაღლესი რადას ყოფილი წევრი ვოლოდიმირ ოლეინიკი.

როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, აღნიშნული პირები მოქმედებდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დავალებით და შეასრულეს როლი კრემლის მიერ მართულ დესტაბილიზაციურ კამპანიაში.

„ეს ცხადყოფს, რომ აშშ უკრაინის მთავრობის გვერდით დგას, რათა გამოავლინოს და აღკვეთოს რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები უკრაინის შიგნით“, – აცხადებენ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.

ამასთან, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარას კოზაკი ფლობს სატელევიზიო არხებს უკრაინაში, ხელს უწყობს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის დისკრედიტაციას და ცდილობს, პრეზიდენტს ცრუ ბრალი დასდოს ქვეყნის არასათანადო მართვაში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მზად არიან, დამატებითი სანქციები დააწესონ რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის კვლავ შეიჭრება უკრაინაში.