აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა ნიუ იორკში 28 წლის მამაკაცს ესროლეს, ნიუ იორკის მერმა მომხდარი „არაკეთილსინდისიერ და წარმოუდგენლად სერიოზულ სიტუაციად“ შეაფასა
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ნიუ იორკში, ბრონქსში მამაკაცს ესროლა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS), რომელიც სააგენტოს მართავს, დაადასტურა, რომ ICE-ის ოფიცერმა „კრიმინალის დასაკავებლად მიზანმიმართული საგამოძიებო ოპერაციის დროს იარაღიდან გაისროლა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 წლის მამაკაცი, რომელსაც ესროლეს, ცოცხალია და ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სროლა დაახლოებით დღის 16:00 საათზე ბრონქსის მარბლ ჰილის უბანში მოხდა. ავტომობილში 28 წლის მამაკაცთან ერთად 5 წლის ბავშვი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა გახდა სროლის მიზეზი. ნიუ იორკის გუბერნატორმა, კეტი ჰოჩულმა, განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა სროლის შესახებ და „ნიუიორკელების სახელით აღშფოთება გამოთქვა”.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, მამაკაცი, რომლის ვინაობაც ოფიციალურმა პირებმა არ დაასახელეს, დომინიკის რესპუბლიკიდან არის და ქურდობისთვის, ძარცვის, ნარკოტიკების შენახვისა და იარაღის შენახვისთვის აქამდე უკვე იყო დაკავებული.
ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ შემთხვევას „არაკეთილსინდისიერი და წარმოუდგენლად სერიოზული სიტუაცია“ უწოდა.
„პირველადი ინფორმაციით, აგენტებმა მას და ხუთი წლის ბავშვს მანქანაში ალყა შემოარტყეს, ვიდრე რამდენიმე ტყვიას გაისროდნენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბავშვი ფიზიკურად უვნებელია. მე არ დავრჩები უყურადღებოდ, სანამ ICE-ს აგენტები ჩვენს თემებს ატერორებენ“, – განაცხადა მამდანიმ.
ცნობისთვის, ნიუ იორკი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ამერიკულ ქალაქს შორის, რომელიც თავის პოლიციელებს ფედერალური საიმიგრაციო სამართალდამცავი ორგანოების დახმარებას უკრძალავს.