აშშ-ის საელჩო - „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები
აშშ-ის საელჩო - „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები

„ქართული ოცნების“ უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის, ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, „რომლის მიღების პირობაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს“.

„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა, ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები. ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.