აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბოსტონის ტერაქტის საქმეზე დაკავებული ჯოხარ ცარნაევი სიკვდილით არ უნდა დაისაჯოს
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ბოსტონის მარათონის ამფეთქებლის, ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა. „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა დაადგინა, რომ ჯოხარ ცარნაევმა დარჩენილი სიცოცხლე საპატიმროში უნდა გაატაროს და სიკვდილით არ დაისაჯოს.
ცარნაევის ადვოკატებმა სასამართლოს საწყის ეტაპზე აღიარეს, რომ ჯოხარ ცარნაევმა და მისმა ძმამ, ტამერლან ცარნაევმა ბოსტონის მარათონის დროს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, თუმცა ამავე დროს ამტიცებენ, რომ ჯოხარ ცარნაევი ნაკლებად არის დამნაშავე, რადგან ტერაქტის ორგანიზატორი ტამერლან ცარნაევი იყო.
ტამერლან ცარნაევი პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ცარნაევი გაასამართლეს 30 ბრალდებით, მათ შორისაა შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. ბოსტონის მარათონის დროს ძმებმა ცარნაევებმა ტერორისტული თავდასხმა 2013 წელს მოაწყვეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი, დაშავდა.