აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სამიტი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის გუნდმა შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა და მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ში უახლოეს საათებში დაბრუნდეს.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერთა შეკრება არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, რომელიც გარდამტეხი მნიშვნელობისაა.
„ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობით, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე უფრო დიდი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვით „ნამდვილად ისტორიას ქმნიან“.
„ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, შევინარჩუნოთ პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჩვენი ხალხები, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები შეძლებენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“.