აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მილუოკის საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ უბნებზე დამკვირვებელთა რაოდენობის თვითნებურად შეზღუდვის გამო სარჩელი შეიტანა
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მილუოკის საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა რაოდენობის თვითნებურად შეზღუდვის გამო სარჩელი შეიტანა, – ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მტკიცებით, მილუოკის საარჩევნო კომისიამ ადრეული ხმის მიცემის დროს ზოგიერთ უბანზე დამკვირვებელთა რაოდენობა თითო პოლიტიკურ პარტიაზე მხოლოდ ერთ დამკვირვებლამდე შეზღუდა, რაც არღვევს შტატის კანონმდებლობას. სარჩელის თანახმად, ადრეული ხმის მიცემის პერიოდში წვდომა შეზღუდული იყო სამ საარჩევნო უბანზე.
„ამ არჩევნებისადმი ინტერესი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო დონეზეა, რამაც შესაბამისი ინტერესი გამოიწვია ქალაქ მილუოკიში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სარჩელში.
სარჩელის თანახმად, მილუოკის საარჩევნო კომისია გეგმავს არჩევნების დღეს დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის შეზღუდვას საარჩევნო უბნებზე „სივრცის, წვდომის, ამომრჩეველთა რაოდენობისა და სხვა არსებული გარემოებების“ გათვალისწინებით.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი სასამართლოს სთხოვს, დაავალოს მილუოკის საარჩევნო კომისიას, „საზოგადოებას მისცეს საშუალება, დააკვირდეს ხმის მიცემის პროცესის ყველა საჯარო ასპექტს“.
მილუოკის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.