აშშ-ის რამდენიმე ქალაქში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
პორტლენდში, სადაც დემონსტრაციები უკვე 100 დღეა, არ წყდება, მომიტინგეებმა პოლიციას ცეცხლმოკიდებული მაშხალები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. სამართალდამცველების ცნობით, დააკავეს რამდენიმე პირი.
„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციასა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილშიც. ანალოგიური სიტუაცია იყო ნიუ იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში, სადაც პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის გამოყენებაც მოუწია.
საპროტესტო აქციები აშშ-ში მაისში, მინეაპოლისის პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.