აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო, რამდენიმე ამერიკულმა ტელეარხმა ტრამპის ღონისძიებების გაშუქება შეაჩერა
რამდენიმე ამერიკულმა ტელეარხმა დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. ტელეარხებმა – ABC, CBS, Fox News, NBC განაცხადეს, რომ გაშუქებას „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ მიმართ სოლიდარობის ნიშნად წყვეტენ. ერთობლივ განცხადებაში ტელეარხებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ხელისუფლების შესახებ ზუსტი და დამოუკიდებელი ინფორმაცია მიიღოს.
„არც ერთმა ადმინისტრაციამ არ უნდა შეუზღუდოს მედიასაშუალებას საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გაშუქება არ მოსწონს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მედიის მხარდასაჭერად, რომელსაც თეთრმა სახლმა წვდომა შეუზღუდა, The Washington Post, The New York Times და Associated Press-მა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტოებს დროებით არ გამოაქვეყნებდნენ.
ტელეარხების გადაწყვეტილების შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმა აამოქმედა, რომელსაც „Trump TV“ უწოდა. ადმინისტრაციის განცხადებით, პლატფორმაზე პრეზიდენტის გამოსვლები, განცხადებები და სხვა მასალები იქნება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „მათი მუდმივი ყალბი რეპორტაჟებით“ ახსნა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ სიცრუის გავრცელება, როცა საუბარია აშშ-ის პრეზიდენტზე, ტრამპის ადმინისტრაციასა, თუ ზოგადად ქვეყანაზე.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულ სიას სხვა „ყალბი ამბების“ გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც დაემატებიან. „სიენენი“, MS NOW და „პოლიტიკო“ პირველი შესწორებით დაცული უფლებების დასაცავად და თეთრ სახლში წვდომის აღსადგენად სარჩელს შეიტანენ.