აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავღანეთის თემაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსული სარაკეტო კომპლექსის საკითხი კვლავ არ გადაჭრილა
ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები ავღანეთის თემაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსული სარაკეტო კომპლექსის, „ეს-400“-ის საკითხი კვლავ არ გადაჭრილა. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ბაიდენი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის პერიოდში ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვაში თურქი სამხედროები წამყვან როლს შეასრულებენ.
ამასთან, სალივანის განცხადებით, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხზე შეთანხმება არ შედგა და დიალოგი გაგრძელდება.