აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საუდის არაბეთში ბირთვული ტექნოლოგიებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საუდის არაბეთში ბირთვული ტექნოლოგიებით ვაჭრობაში სდებენ ბრალს. აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყეს.
საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ ინიცირებული გამოძიების საფუძველზე ირკვევა, რომ ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი საუდის არაბეთში ამერიკული კომპანიის აქტივობას ლობირებდა, რომლის ფარგლებშიც, სამეფოს ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ატომური სადგური უნდა აშენებულიყო.
დემოკრატების მიერ ინიცირებული 24-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, ამ ხერხით, აშშ-ის ბირთვული ტექნოლოგიების საუდის არაბეთისთვის მიყიდვა ყოველგვარი გარანტიების გარეშე განხორციელდა.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნული ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. დემოკრატების მიერ მომზადებული ანგარიში თეთრი სახლის თანამშრომლების განცხადებებზე დაყრდნობითაა შედგენილი.
გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, მოქმედებდა თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუ მაღალჩინოსნები აღნიშნული შეთანხმებებიდან ფინანსურ სარგებელს იღებდნენ.