აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩინეთს, გაასაჯაროოს ხელთ არსებული ინფორმაცია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ
თეთრი სახლი შეშფოთებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ გაკეთებული დასკვნის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩინეთს, გაასაჯაროოს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.
„პანდემიის უკეთ გასაგებად და შემდეგი პანდემიისთვის მოსამზადებლად, ჩინეთმა უნდა გაასაჯაროოს ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპთან დაკავშირებული ინფორმაცია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
სალივანის თქმით, აუცილებელია, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მოამზადონ, ჩინეთის ხელისუფლების ჩარევის გარეშე.
მანამდე, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების დაუმუშავებელი მონაცემები არ გადასცა.