აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატიულ პარტიას მართლმსაჯულების შეფერხებაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატიულ პარტიას მართლმსაჯულების შეფერხებაში ადანაშაულებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეალური დანაშაული სწორედ დემოკრატების მოქმედებაა.
დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტია პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
„დემოკრატები აფერხებენ მართლმსაჯულებას და არაფერი გამოუვათ. დიდი სათევზაო ექსპედიცია სასოწარკვეთილად ეძებს დანაშაულს, როდესაც ფაქტობრივად ნამდვილი დანაშაული არის ის, რასაც დემოკრატები აკეთებენ ან რაც გააკეთეს“, – დაწერა სოციალურ ქსელ „თვითერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატებს არ სურთ გამოიძიონ რუსეთთან ჰილარი კლინტონის სავარაუდო შეთქმულება.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 4 მარტს განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო კორუფციისა და ძლაუფლების ბოროტად გამოყენების კუთხით გამოძიება დაიწყება.
წარმომადგენელთა პალატას დემოკრატიული პარტია აკონტროლებს.