აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს მსგავსად, ჩინეთის სხვა დიპლომატიური უწყების დახურვაც მოითხოვონ
აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს მსგავსად, ჩინეთის სხვა დიპლომატიური უწყების დახურვაც მოითხოვონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის გენერალური საკონსულოს მსგავსად, ჩინეთის სხვა დიპლომატიური უწყების დახურვაც მოითხოვონ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს ჰიუსტონის საკონსულოს დასახურად 72-საათიანი ვადა მისცა, იქ ცეცხლი გაჩნდა.

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ჩინეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დოკუმენტები დაწვეს. ვაშინგტონმა გენერალური საკონსულოს დახურვა ამერიკელთა ინტელექტუალური საკუთრებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განმარტებით, ვაშინგტონი არ შეეგუება ჩინეთის მხრიდან აშშ-ის სუვერენიტეტის დარღვევასა და მოსახლეობის დამცირებას, ისევე როგორც არ შეეგუება უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას, ამერიკული სამუშაო ადგილების ქურდობას და სხვა აღმაშფოთებელ ქმედებებს.

მორგან ორტაგუსმა ასევე აღნიშნა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩინეთმა „უპრეცედენტო ესკალაცია“ უწოდა. პეკინში ამბობენ, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვონ ვენბინის განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკური პროვოკაცია აღმაშფოთებელი და გაუმართლებელია და პეკინი მკაცრ კონტრზომებს მიიღებს.