აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მრავალწლიან ერთობლივ კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას, აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, პაატა პატიაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრებს, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.