საქართველო აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში - რა პროგრამების დაფინანსებას ზრდის სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველო აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში - რა პროგრამების დაფინანსებას ზრდის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იმ პროგრამების დაფინანსების გაზრდას აპირებს, რომლებიც საქართველოს დახმარებასაც ითვალისწინებს, საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამისთვის“ (IMET). აღნიშნული თანხიდან 26,4 მილიონი დოლარი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებზე უნდა დაიხარჯოს, მათ შორის საქართველოზე, რომელიც დოკუმენტში „აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ არის მოხსენიებული.

„საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამა“ გააძლიერებს, როგორც რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე გააუმჯობესებს აშშ-ის, ნატო-სა და ევროპის შეიარაღებული ძალების თავსებადობას, პროგრამის მონაწილე ქვეყნებს დაეხმარება რუსეთის აგრესიის დაძლევაში. პროგრამა უზრუნველყოფს, რომ აშშ-სთან მომუშავე ქვეყნებში იქნებიან სამხედროები, რომელთაც აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერაციული ტაქტიკა ესმით და აფასებენ. ამ დახმარების პრიორიტეტული მიმღები არიან აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები, როგორიცაა ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტის პროექტით, 75 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული ევროპასა და ევრაზიაში „საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის“ (FMF). აღნიშნული თანხის ნაწილი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დახმარებაზე უნდა დაიხარჯოს.

„ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის აგრესიისა და ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, რაც მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, მათი სუვერენიტეტის განმტკიცებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ეს კი ნატო-სა და სხვა დასავლურ შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის გაზრდას და თავდაცვის სფეროში მდგრადი რეფორმების გატარებას გულისხმობს. ამ პროგრამიდან თანხა დაიხარჯება აღჭურვილობასა და წვრთნებზე, მათ შორის ტაქტიკურ აღჭურვილობაზე, რაც განკუთვნილია თვალთვალისა და დაზვერვისთვის, მეთაურობისა და კონტროლისთვის, ასევე სამიზნეების განსაზღვრისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. დახმარების პრიორიტეტული მიმღები არიან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები: უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროექტში.

აშშ-ის მთავრობის მიერ შედგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში „რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ასევე გამოყოფილია 308 მილიონი დოლარი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამია, ეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„საგარეო დახმარების პროგრამები გაზრდის მედია განათლებას და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ინფორმაციასთან წვდომას, განამტკიცებს კიბერუსაფრთხოებას, გააძლიერებს ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკის მდგრადობას, რაც ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და დასავლურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების გზით მიიღწევა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების გზით, „რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“ 661 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება.

დატოვე კომენტარი