აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის ცხედარი ამერიკული მანქანით გადაასვენეს
ერაყში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალთან, ყასემ სოლეიმანთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ერაყელი შეიკრიბა. ისინი ყასემ სოლეიმანის სასახლის გადასვენებას დაესწრნენ. სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდნენ.
როგორც ცნობილია, მოკლული ირანელი გენერლის ცხედარს ირანში, მშობლიურ ქალაქში გადაასვენებენ.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ ყასემ სოლეიმანის ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ „ამერიკელები ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯებიან“.
მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის გარდა, დღესვე ერაყში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ყასემ სოლეიმანთან ერთად მოკლული ოთხი ადამიანი, მათ შორის ერაყელი შიიტების დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ ირანელი გენერლის ცხედარი ამერიკული ავტომობილით „შევროლეთი“ გადაასვენეს, რამაც ირანის სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია.
ყასემ სოლეიმანს ირანში ეროვნული გმირის წოდება აქვს. მასთან გამომშვიდობების ცერემონიალი მასშტაბური იქნება და სამშაბათამდე გაგრძელდება.