აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციას სხვადასხვა ქვეყანაში ეხმაურებიან
აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციას სხვადასხვა ქვეყანაში ეხმაურებიან

აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციას სხვადასხვა ქვეყანაში გამოეხმაურნენ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ ამერიკელ მოკავშირეებს წარმატებული ოპერაციის ჩატარება მიულოცა.

„ჩემი ფიქრებით დღეს ბაღდადის სიგიჟის ყველა მსხვერპლთან და იმ ადამიანებთან ვარ, ვინც მის მიმდევრად იქცა“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. მისი თქმით, ნომერ პირველი ტერორისტის სიკვდილი ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაში მნიშვნელოვანი მომენტია.

„დაეშის“ ბოროტებასთან ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კოალიციაში პარტნიორებთან, რათა „დაეშის“ მკვლელობები და ბარბაროსული აქტივობა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს“, – წერს ბორის ჯონსონი.

განცხადება გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ფაჰრეთინ ალთუნმაც.

„თურქეთი ამაყია, რომ დაეხმარა აშშ-ს, ჩვენს მოკავშირეს ნატო-ში, რომ ტერორისტს პასუხი ეგო. ახლა დროა, ძალები გავაერთიანოთ და დაუყოვნებლივ დავამარცხოთ რეგიონში მოქმედი ყველა ტერორისტული დაჯგუფება“, – განაცხადა ერდოღანის თანაშემწემ.

აშშ-ს წარმატებული სპეცოპერაციის ჩატარება მიულოცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც.

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ კამპანია ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.