აშშ-ის კონგრესში სხდომა განახლდა
აშშ-ის კონგრესში სხდომა განახლდა

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრიდან რამდენიმე საათში, კონგრესმა სხდომა განაახლა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმდეს. კონგრესის წევრები ამ წუთებში სიტყვით გამოდიან. გამომსვლელები კაპიტოლიუმში დღეს განვითარებულ მოვლენებს გმობენ.

კონგრესის ერთობლივი სხდომის შეწყვეტამდე, არიზონას შტატის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი იქნა წარდგენილი, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ უნდა განიხილოს. არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება მსჯელობა.

მედიის წინასწარი ინფორმაციით, სხვა შტატების არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე პროტესტი აღარ იქნება წარდგენილი. მოქმედი პროცედურის თანახმად, კონგრესის წევრები უფლებამოსილნი არიან სხვადასხვა შტატში არჩევნების შედეგების დამტკიცება გააპროტესტონ, თუმცა რომელიმე შტატში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პროტესტის დასაკმაყოფილებლად, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის თანხმობაა საჭირო.