აშშ-ის კონგრესში ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი კანონპროექტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა

16:15, 18.08.2026
აშშ-ის კაპიტოლიუმი, 2026 წლის 20 ივლისი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი / ფოტოს ავტორი: ტომ ბრენერი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)

აშშ-ის კაპიტოლიუმი, 2026 წლის 20 ივლისი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი / ფოტოს ავტორი: ტომ ბრენერი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)

აშშ-ის კონგრესის აპარატის თანამშრომლები და გარე ორგანიზაციები კანონპროექტების დასაწერად სულ უფრო ხშირად იყენებენ ChatGPT-ს, Claude-სა და სხვა ინსტრუმენტებს. ტექსტებში გაპარული მრავალრიცხოვანი უზუსტობების გამო, იურისტებს ასეთი პროექტების შემოწმებასა და გადაწერაზე ბევრად მეტი დროის დახარჯვა უწევთ.

ამის შესახებ გამოცემა Politico წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო კონსულტანტის ოფისის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი თქმით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დიდი მოცულობის ტექსტის სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა, თუმცა ასეთი პროექტები ხშირად შეიცავს არასწორ იურიდიულ ტერმინოლოგიას, მცდარ ინფორმაციას მოქმედ კანონმდებლობაზე და არაზუსტ განმარტებებს. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების რედაქტირება ექსპერტებს ხანდახან იმაზე მეტ დროს ართმევს, ვიდრე დოკუმენტის ნულიდან შექმნას დასჭირდებოდა.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ამგვარმა შეცდომებმა შესაძლოა უარყოფითი შედეგები კანონების მიღების შემდეგაც გამოიწვიოს. კერძოდ, არაზუსტმა ფორმულირებებმა შესაძლოა სახელმწიფო ორგანოების მუშაობა გაართულოს, სამართლებრივი დავები წარმოშვას ან კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების შეტანა გახადოს საჭირო.

წარმომადგენელთა პალატის თანამშრომლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. მას იყენებენ არა მხოლოდ დოკუმენტების ანალიზისთვის, არამედ უშუალოდ საკანონმდებლო ტექსტების დასაწერადაც. ამასთან, აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი საერთოდ არ ასაჯაროებს, რომ ამგვარ ინსტრუმენტებს იყენებს.

საკანონმდებლო მრჩევლის აპარატში (სპეციალური სამართლებრივი სამსახური, რომელიც პარლამენტის წევრებსა და კომიტეტებს კანონპროექტების შემუშავებასა და იურიდიულ ექსპერტიზაში ეხმარება) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის დამხმარე ინსტრუმენტად გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა მას პროფესიონალი იურისტების სრულად ჩანაცვლება არ შეუძლია. უწყება ამჟამად ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლო გზებს სწავლობს. განსაკუთრებული ყურადღება სამართლებრივი კვლევების დაჩქარებას ექცევა.

Politico-ს ცნობით, კონგრესის ბოლო სესიის განმავლობაში, ოფისის 61-მა იურისტმა და 19-მა დამხმარე თანამშრომელმა 30 000-ზე მეტი კანონპროექტი მოამზადა. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავრცელებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ მათზე დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება.

ბოლო წლებში აშშ აქტიურად აფართოებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებასა და მხარდაჭერას. 2025 წლის ივლისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ხელოვნური ინტელექტის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ხელი მოაწერა განკარგულებათა სერიას, რომელთა მიზანიც რეგულაციების შემსუბუქებითა და მონაცემთა ცენტრებისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოების გზით ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტიმულირებაა.

იმავე წლის ნოემბერში, ტრამპმა ფედერალური ინიციატივა Genesis Mission დააანონსა. პროექტის მიზანი სამეცნიერო კვლევების დაჩქარების, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური ინტელექტის, ფედერალური მონაცემთა ბაზებისა და გამოთვლითი რესურსების ინტეგრირებას ითვალისწინებს.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უშუალოდ ფედერალურ უწყებებშიც გააქტიურდა. 2026 წლის იანვარში პენტაგონმა თავდაცვის დეპარტამენტისთვის განკუთვნილ პლატფორმა GenAI.mil-ში ჩატბოტ Grok-ის ინტეგრაცია დააანონსა რომლის მიზანიც გენერაციული ინსტრუმენტების გამოყენების გამარტივებაა.

პარალელურად, აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სტანდარტებზე დისკუსია გრძელდება. 2025 წლის დეკემბერში ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება შტატების დონეზე განსხვავებული რეგულაციების შემოღების ნაცვლად, ერთიანი, ფედერალური მიდგომის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

სტატიის ავტორია კარინა ლევიცკა (Suspilne). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18 აგვისტო, 2026, 13:45 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი