აშშ-ის კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ღია მოსმენები იწყება. საქმე ეხება 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.
საქმის გამოსაძიებლად სპეციალური კომიტეტი ჯერ კიდევ შარშან ივლისში შეიქმნა. პირველ მოსმენაზე ამ კომიტეტის ანგარიში იქნება წარმოდგენილი. სხდომას ამერიკული ტელეარხები პირდაპირ ეთერში აჩვენებენ.
როგორც „როიტერი“ წერს, სპეციალური კომიტეტის პირველ სხდომაზე ისაუბრებენ იმ ახალ დეტალებზე, რომლებიც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი. როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სხდომაზე გამოქვეყნდება მტკიცებულებები, რომ კაპიტოლიუმის შტურმი იყო კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი, რომელიც მიმართული იყო 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლისკენ.
კომიტეტი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა დონალდ ტრამპის ქალიშვილ ივანკა ტრამპს, სიძეს ჯარედ კუშნერს, ყოფილ გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.
დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.
დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ ორი მოწმის ჩვენებას. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის ოფიცერია, ხოლო მეორე კინორეჟისორი, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმს იღებდა.
კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე სპეციალური კომიტეტი, საერთო ჯამში, ექვს მოსმენას გამართავს. მოსმენებისას ასევე ფიკუსირებულნი იქნებიან ამ მოვლენებში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლზე.
2021 წელს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დღეს ექვსი ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.