აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა დონალდ ტრამპ უმცროსის საქორწილო წვეულებების რუსი ოლიგარქის მიერ დაფინანსების საკითხზე გამოძიება დაიწყეს
აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა დონალდ ტრამპ უმცროსის საქორწილო წვეულებების რუსი ოლიგარქის მიერ დაფინანსების საკითხზე გამოძიება დაიწყეს.
გამოძიებას წინ უძღოდა „პრო პაბლიკას“ მიერ მომზადებული მასალა, რომლის მიხედვითაც, რუსმა ბიზნესმენმა და კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, უმარ კრემლევმა დონალდ ტრამპ უმცროსისა და მისი მეუღლის, ბეტინა ტრამპის ბაჰამის კუნძულებზე გამართული საქორწილო ღონისძიებების ნაწილი დააფინანსა. გამოცემის ცნობით, ხარჯებმა ასობით ათასი დოლარი შეადგინა.
„პრო პაბლიკას“ ინფორმაციით, კრემლევს რუსეთის ხელისუფლებასა და ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირები აქვს. გამოძიების ინიციატორი დემოკრატი რობერტ გარსიაა. გარსიამ დონალდ ტრამპ უმცროსს წერილით მიმართა და საქორწილო ღონისძიებებთან დაკავშირებული ფინანსური და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის კრემლევთან მიმოწერისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპ უმცროსი და მისი მეუღლე ბეტინა ტრამპი ადასტურებენ, რომ მაისში გამართული მათი ქორწილის ხარჯების ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირემ დაფარა. წყვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს იყო მეგობრისგან მიღებული განსაკუთრებულად გულუხვი საქორწილო საჩუქარი“.
დონალდ ტრამპმა, რომელიც შვილის ქორწილს არ დასწრებია, განაცხადა, რომ კრემლევს არ იცნობს და საკითხს „დიდ საქმედ“ არ მიიჩნევს. აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით კითხვებს აჩენს. მისი თქმით, საქმე ეხება არა უბრალოდ მეგობრის მიერ გაღებულ საქორწილო საჩუქარს, არამედ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს.
„საქმე გვაქვს რუს ოლიგარქთან და არა უბრალოდ ბიძაშვილთან ან მეგობართან, რომელიც საქორწილო საჩუქარს გიკეთებს. ზოგჯერ საქორწილო საჩუქარი უცხოელი ავტოკრატისგან მიღებული ქრთამია“, – განაცხადა შუმერმა.