აშშ-ის კონგრესში აცხადებენ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის კონგრესში აცხადებენ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შედეგად, ფედერალური მთავრობის მუშაობის კვლავ შეჩერების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შეთანხმება მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას არ ითვალისწინებს.

როგორც სენატორმა რიჩარდ შელბიმ მედიას განუცხადა, კანონმდებლებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება სამხრეთის საზღვარზე  ახალი კონსტრუქციებისთვის 1,37 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც დონალდ ტრამპის მიერ კედლის მშენებლობისთვის მოთხოვნილ თანხაზე ბევრად ნაკლებია.

ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში მიღწეულ შეთანხმებას.

ელ-პასოში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალები არ განუხილავს.

„რომ იცოდეთ, კედელს მაინც ვაშენებთ. შესაძლოა პროგრესი მიღწეულია, შესაძლოა, არა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე კონგრესის უთანხმოების გამო, აშშ-ის ფედერალური მთავრობა 35 დღის განმავლობაში დაფინანსების გარეშე იყო დარჩენილი.

25 იანვარს თეთრი სახლი და კონგრესის წევრები აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მოკლევადიან დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმების ვადა 15 თებერვალს იწურება.