აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამოძიების ფარგლებში ღია მოსმენებს იწყებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამოძიების ფარგლებში ღია მოსმენებს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამოძიების ფარგლებში ღია მოსმენებს იწყებს.

დღეს წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტში დიპლომატ უილიამ ტეილორსა და ევროპისა და აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს მოუსმენენ. პარასკევს კი კონგრესმენები უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, მარი იოვანოვიჩს მოუსმენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში კონგრესში კიდევ შვიდ ადამიანს მოუსმენენ. გამომსვლელებს შორის იქნება უკრაინაში ამერიკის ყოფილი წარმომადგენელი კურტ ვოლკერი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პირველ პირზე ზეწოლის ბრალდებას უარყოფს. საუბარია ივლისში დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარზე, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ბაიდენების წინააღმდეგ კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოსთხოვა.