აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის მიზეზი 25 ივლისს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია.

განცხადება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააკეთა. პელოსი აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტი. მისი თქმით, 25 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვა, დაეწყო გამოძიება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის შესახებ. ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდება მისი და უკრაინის პრეზიდენტის 25 ივლისის სატელეფონო საუბარი, რის შემდეგაც ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია საშუალებას აძლევს კონგრესს, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონდარღვევა ჩაიდინა.

აშშ-ის ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა სამჯერ დაიწყო. პირველად 1868 წელს პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ. 1998 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის წინააღმდეგ. 1974 წელს კი რიჩარდ ნიქსონმა იმპიჩმენტის მუქარის ფონზე თანამდებობა თავად დატოვა. რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურის ხანგრძლივობას, ამას თვეები სჭირდება. მაგალითად, ჯონსონის შემთხვევაში, ის 94 დღე გრძელდებოდა. რიჩარდ ნიქსონის შემთხვევაში – 184 დღეს. კლინტონის შემთხვევაში კი, 127 დღე.