აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრა გამართა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან.

სომხური მედიის ცნობით, ​სიმონიანი მიესალმა, აშშ-ის მაღალჩინოსნის სომხეთში ვიზიტს და ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მიმდინარეობს და ეს ნაბიჯი უაღრესად დასაფასებელია.

„მოგეხსენებათ, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ სომხეთის სასაზღვრო პოზიციებს, არამედ ბევრ დასახლებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლი“, – განაცხადა სიმონიანმა.

სიმონიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის, რომელიც 14 სექტემბერს აშშ-ის შუამავლობით იქნა მიღწეული.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე უსაფრთხოების ფაქტორს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ კონკრეტულ ქვეყანას, ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ვიზიტი ბრძოლების შემდეგ განხორციელდებოდა. აშშ-ში ვამაყობთ, რომ გარშემორტყმული ვართ პატრიოტი სომხებით, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინი ჩვენი ძალა და ჩვენი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან“, – განაცხადა პელოსიმ.