აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს უკრაინის სკანდალზე მოსყიდვაში სდებს ბრალს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს უკრაინის სკანდალზე მოსყიდვაში სდებს ბრალს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი, ნენსი პელოსი, ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის სკანდალზე მოსყიდვაში სდებს ბრალს.

პელოსის განცხადებით, ქრთამის ფაქტი ტრამპმა თავადაც დაადასტურა.

„ქრთამი არის სამხედრო დახმარების მიცემა ან მასზე უარის თქმა არჩევნებთან დაკავშირებით ყალბ გამოძიებაზე საჯარო განცხადების სანაცვლოდ. ეს მოსყიდვაა. ის, რაც პრეზიდენტმა აღიარა და თქვა, რომ „იდეალურია“, მე ვამბობ, რომ ეს სრულიად არასწორია. ეს მოსყიდვაა“, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელმა.

დემოკრატები ცდილობენ გაარკვიონ, გამოიყენა თუ არა ძალაუფლება ბოროტად რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, მაშინ, როდესაც უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი 391 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინას შეუჩერა და ხომ არ იყო ეს უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტი, რომ კიევს ტრამპისთვის პოლიტიკურად მომგებიანი ორი გამოძიება დაეწყო.

კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარება, კიევს მოგვიანებით გადაეცა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენები მიმდინარეობს.