აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა როდჩენკოვის კანონს - დოპინგი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ანტისადოპინგო კანონს, რომელსაც სახელი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორის, გრიგორი როდჩენკოვის საპატივცემულოდ (Rodchenkov Act) დაარქვეს.
საერთაშორისო სპორტში დოპინგ-სქემებში მონაწილეობისთვის კანონი ითვალისწინებს ერთი მილიონ დოლარამდე ჯარიმას და 10 წლამდე პატიმრობას. კანონის გამოყენებას აპირებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე.
აღნიშნავენ, რომ სპორტსმენებსა და სხვა პირებს, რომლებიც დოპინგ-თაღლითობის მსხვერპლნი გახდებიან, ზარალის აუცილებელი ანაზღაურების უფლება აქვთ. აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიის (დემოკრატიული და რესპუბლიკური) სენატორებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
„გამოცდილებით ვიცით, რომ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის კორუმპირებული ხელისუფლების ნეგატიურ ქმედებებს. მოვიდა დრო, შემოვიღოთ მკაცრი სასჯელი რუსულ თაღლითობაზე“, – განაცხადა დემოკრატების წარმომადგენელმა შელდონ უაიტჰაუსმა.
უფრო ადრე, ეს კანონპროექტი გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც შიშობს, რომ აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის ქვეშ მოექცევა ყველა სპორტსმენი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში გამოდის.