აშშ-ის ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ პანამის პორტების საკონტროლო წილს ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი შეიძენს
აშშ-ის ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ პანამის პორტების საკონტროლო წილს ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი შეიძენს

აშშ-ის ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ, პანამის პორტების საკონტროლო წილს ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პანამის პორტების ოპერატორი ჰონგკონგური კონგლომერატი Hutchison Holdings-ი აქციების 90%-ს 19 მილიარდ დოლარად ამერიკულ კომპანია BlackRock-ს გადასცემს.

ჰონგკონგელი მილიარდერის, ლი კაშინის Hutchison Holdings-ი ამჟამად მართავს კრისტობალის პორტს პანამის არხის ატლანტიკურ მხარეს და ბალბოას პორტს წყნარი ოკეანის მხარეს. როგორც მედია წერს, 2021 წელს ეს შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდა კიდევ 25 წლის განმავლობაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჩინეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს პანამის არხზე და მიუთითებს შეერთებული შტატების მხრიდან არხის კონტროლის აღდგენის აუცილებლობაზე.

ცნობისთვის, პანამის არხი აშშ-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენა, 1999 წელს კი ის პანამას გადაეცა.