აშშ-ის ხელისუფლება წყვეტს სომხურენოვანი ვებგვერდის დაფინანსებას, რომელიც „კოვიდ-19“-ის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა
აშშ-ის ხელისუფლება წყვეტს სომხურენოვანი ვებგვერდის დაფინანსებას, რომელიც „კოვიდ-19“-ის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა

აშშ-ის ხელისუფლება წყვეტს სომხურენოვანი ვებგვერდის დაფინანსებას, რომელიც „კოვიდ-19“-ის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის ელჩმა, ლინ ტრეისიმ განაცხადა.

საუბარია ვებგვერდ medmedia.am-ზე. მისი დაფინანსების შეწყვეტა აშშ-ის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციის OpenDemocracy-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვებგვერდი, რომელიც აშშ-ის საელჩოს გრანტით ფინანსდებოდა, კორონავირუსის შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებდა. კერძოდ, პორტალზე გამოქვეყნებულ მასალებში კორონავირუსი მოხსენიებული იყო, როგორც „ყალბი პანდემია“, ვაქცინა კი – „ბიოლოგიურ იარაღად“.

„უდავოდ, ჩვენ ვისწავლეთ რამდენიმე რამ ამ კონკრეტული ეპიზოდიდან“, – აღნიშნა სომხეთში აშშ-ის ელჩმა.

ლინ ტრეისის თქმით, საელჩო გაამკაცრებს ზოგიერთ პროცედურას, რომ დიპლომატიური მისიის მიერ გაცემულმა გრანტებმა წაახალისოს ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი დებატები.

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ელჩმა განმარტა, რომ ვებგვერდი იყო ადგილობრივი ორგანიზაციისთვის გაცემული უფრო დიდი გრანტის ნაწილი, რომლის მიზანი იყო ჯანდაცვის სფეროში კორუფციის შემცირებაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსება. დიპლომატის ინფორმაციით, გრანტი დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცა და საელჩომ მხოლოდ მაისში შეიტყო, რომ გარკვეული გამოქვეყნებული კონტენტი პრობლემატური იყო.

ლინ ტრეისის განცხადებით, დიპლომატიური უწყება დაუკავშირდა გრანტის მიმღებს და მასალის წაშლა სთხოვა, თუმცა ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ ეს იყო „სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი“.

„ჩვენ განსხვავებულად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ სიტყვის თავისუფლება ასევე უნდა დაბალანსდეს ვებგვერდის პასუხისმგებლიანი მენეჯმენტით“, – აღნიშნა ლინ ტრეისიმ.