აშშ-ის ხაზინის მდივანი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
აშშ-ის ხაზინის მდივანი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. იელენი უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა და უკრაინის ხელისუფლებას ეკონომიკური დახმარების გაგრძელება აღუთქვა.

„ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ჯანეტ იელენმა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან გამართული შეხვედრისას.

უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას აშშ-ის ხაზინის მდივანმა რუსული განადგურებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. მან ყვავილებით შეამკო დაღუპული უკრაინელი დამცველების მემორიალი და მოინახულა ერთ-ერთი სკოლა, რომელიც აშშ-ის ფინანსური დახმარებით ფუნქციონირებს.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ორმხრივი შეხვედრისას ჯანეტ ​იელენმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს მისი ლიდერობისა და სიმტკიცისთვის რუსეთის აგრესიის წინაშე. აშშ-ის ხაზინის მდივანი ასევე მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მმართველობის გაძლიერებისა და კორუფციის აღმოფხვრისკენ. მისი თქმით, საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ აშშ-ის ეკონომიკური დახმარება პასუხისმგებლიანად იხარჯება.

„აშშ მტკიცედ გვიჭერს მხარს ამ ომის პირველივე დღიდან არა მხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსურ ფრონტზეც. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას. მადლობა აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გასაძლიერებლად სისტემური ნაბიჯებისთვის. აუცილებელია სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს ომის დაფინანსება“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ხაზინის მდივანთან მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება განიხილა.

თუმცა, მედიასთან სატელეფონო ბრიფინგზე იელენმა აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული სამართლებრივი დაბრკოლებები რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარის ჩამოსართმევად.

ამასთან, იელენმა ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის 9,9 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური და საბიუჯეტო დახმარების პაკეტიდან 1,25 მილიარდი დოლარის ოდენობის პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა.