აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ორი პირი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე დაიქირავა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ორი პირი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე დაიქირავა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ ორი პირი დაიქირავა.

მათივე ცნობით, ირანის მთავრობამ ალინეჯადის მკვლელობისთვის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებს, პოლად ომაროვსა და რაფატ ამიროვს 500 000 დოლარი გადაუხადა. ესენი არიან ირანის მოქალაქე, 46 წლის რაფატ ამიროვი და საქართველოს მოქალაქე, 40 წლის პოლად ომაროვი, იგივე არაზ ალიევი.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე პირი დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე კოლინ მაკმაჰონი განაჩენს 17 სექტემბერს გამოაცხადებს.

ამიროვი და ომაროვი ხუთი ბრალდებით არიან დაკავებული. ესენია: დაქირავებული მკვლელობა, რაც ითვალისწინებს, მაქსიმუმ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; შეთქმულება დაქირავებული მკვლელობის ჩასადენად, რაც ითვალისწინებს, მაქსიმუმ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, რაც ითვალისწინებს, მაქსიმუმ, 20 წლით თავისუფლების აღკვეთას; მკვლელობის მცდელობა რეკეტის დახმარებით, რაც ითვალისწინებს, მაქსიმუმ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას; ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა და გამოყენება მკვლელობის მცდელობისთვის, რაც ითვალისწინებს სავალდებულო თავისუფლების აღკვეთას, მინიმუმ, ხუთი წლის ვადით, მაქსიმუმ კი, სამუდამოდ.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ამიროვი და ომაროვი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მაღალი რანგის წევრები და, ამ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობაზე „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის” (IRGC) მაღალი რანგის წევრების მითითებით მუშაობდნენ.

აშშ-ის იუსტიციის წერს, რომ 2020 და 2021 წლებში ირანული დაზვერვა ალინეჯადის აშშ-დან გატაცებას გეგმავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ ომაროვი და ამიროვი დაიქირავეს.

„წლების განმავლობაში ირანის მთავრობა ცდილობდა, გაეჩუმებინა ირანელი ჟურნალისტი, მწერალი, აქტივისტი და მათი რეჟიმის კრიტიკოსი ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის შევიწროებით, ძალადობით, დაშინებითა და მკვლელობის მცდელობითაც კი. ირანიდან 6 000 მილის დაშორებით, აშშ-ის მიწაზე, ნიუ იორკში თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა AK-47-ით. მადლობას ვუხდი ჩვენი დეპარტამენტის პროკურორებს და სამართალდამცველ პარტნიორებს მათი დაუღალავი შრომისთვის, რის შედეგადაც მათი გეგმა ჩაიშალა და ბრალდებულები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს“, – განაცხადა ნიუ იორკის პროკურორმა, მეთიუ პოდოლსკიმ.