აშშ-ის ღია პირველობა შესაძლოა, მოგვიანებით ჩატარდეს
აშშ-ის ღია პირველობა შესაძლოა, მოგვიანებით ჩატარდეს

„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორები განცხადებით გამოვიდნენ კორონავირუსის პანდემიასთან და როლან გაროსის შემოდგომაზე გადატანასთან დაკავშირებით.

„აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაცია აგრძელებს მზადებას 2020 წელს აშშ-ის ღია პირველობის ჩასატარებლად და ამ მომენტისთვის, არ აპირებს რაიმე ცვლილებას განრიგში.

თუმცა, ეს არის უპრეცედენტო დრო და ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მათ შორის, ტურნირის გადატანას უფრო გვიან დროზე.

იმ მომენტში, როცა მთელი სამყარო ერთიანდება, ჩვენ გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნას ცალმხრივად. აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაცია კონსულტაციას გაივლის ამ საკითხში „დიდი სლემის“ სხვა ტურნირებთან, WTA-სთან, ATP-სთან, ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციასთან და ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, ლეივერის თასთან“, – წერია განცხადებაში.

აშშ-ის ღია პირველობა დაგეგმილია 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე. როლან გაროსი კი, რომელიც შემოდგომაზე გადაიტანეს, 20 სექტემბერს უნდა დაიწყოს.