აშშ-ის ღია 2021 | ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონური „დიდი სლემი“ ვერ შეასრულა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო სეზონური „დიდი სლემის“ შესრულება. სერბმა ჩოგბურთელმა სამ სეტში დათმო აშშ-ის ღია პირველობის ფინალი რუს დანიილ მედვედევთან – 4:6, 4:6, 4:6. შეხვედრა ორი საათი და 17 წუთი გაგრძელდა.
რუსი ჩოგბურთელის მთავარი იარაღი მოწოდება იყო. მართალია, მედვედევმა ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ 16 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 10 ქულა დათმო და ერთადერთი ბრეიკი მისცა მეტოქეს.
პირველ სეტში რუსმა პირველ გეიმში აღებული ბრეიკით მოიგო. ჯოკოვიჩს ამ პარტიაში ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. სამაგიეროდ, სერბმა მეორე სეტში მეტოქის პირველ ორ გეიმში ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, თუმცა ბრეიკამდე მაინც ვერ მივიდა. მედვედევმა კი მეხუთე გეიმში აიღო სერბის მოწოდება და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად.
კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯოკოვიჩი მესამე სეტში. მედვედევი ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა – 5:1. სერბმა თამაშში დაბრუნება სცადა. მერვე გეიმში ნოვაკმა მატჩბოლი მოიგერია და მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მეორე უკუბრეიკი ვეღარ შეძლო და მედვედევი კარიერაში პირველად გახდა „დიდი სლემის“ ტურნირის ჩემპიონი.