აშშ-ის ღია 2019 - სერენა უილიამსმა 17 წლის თანამემულესთან სეტი წააგო
პირველ წრეში მარია შარაპოვას განადგურების (6:1, 6:1) შემდეგ, ამერიკელმა სერენა უილიამსმა მეორე წრეში რთული ბრძოლა გადაიტანა 17 წლის თანამემამულის კეტრინ მაკნელის წინააღმდეგ. მსოფლიოს ყოფილი პირველ ჩოგანს სამი სეტი დასჭირდა ნიჭიერი თინეიჯერის დასამარცხებლად – 5:7, 6:3, 6:1. შეხვედრა საათი და 54 წუთი გაგრძელდა.
სერენამ 32 „ვინერსი“ დააგროვა, მათ შორის, 10 ეისი იყო, 28 უნებლიე შეცდომა ჰქონდა და პირველი მოწოდებით ქულების 81 პროცენტი აიღო. მან 12-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
მაკნელიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონის ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია, 16 “ვინერსი” დააგროვა, მაგრამ ძალიან ბევრი – 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მას ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მატჩში და ის პირველი სეტის ბოლოს გამოიყენა.
სერენას შემდეგი მეტოქე ტაივანელი სუ-ვეი ჰსიესა და ჩეხი კაროლინა მუხოვას მატჩში გაირკვევა.