აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ გაკეთებული განცხადებები მუშაობაში ხელს უშლის
აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ გაკეთებული განცხადებები მუშაობაში ხელს უშლის

აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ „ტვიტერში“ გაკეთებული განცხადებები მის უწყებას მუშაობაში ხელს უშლის.

უილიამ ბარის ეს განცხადება ეხება აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ როჯერ სტოუნის საქმეს, რომელსაც ცრუ ჩვენების მიცემასა და რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

უილიამ ბარის თქმით, ტრამპს არასდროს დაუვალებია მისთვის ამ საქმეზე რაიმე კონკრეტულის გაკეთება, თუმცა მისი გამონათქვამები, რომელსაც პრეზიდენტი „ტვიტერით“ ავრცელებს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებსა და მოსამართლეებს მუშაობაში ხელს უშლის.

„დადგა დრო, პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განცხადებების გაკეთება შეწყვიტოს“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა გენერალური პროკურორი მის ამ განცხადებაზე ტრამპის ნეგატიური რეაქციისთვის, უილიამ ბარმა უპასუხა, რომ „მასზე გავლენის მოხდენა არავის და მათ შორის, პრეზიდენტსაც არ შეუძლია“.

ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი 2019 წლის იანვარში დააკავეს. ვაშინგტონის სასამართლომ სტოუნი კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო.

11 თებერვალს ბრალდებამ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ცხრა წლით დაპატიმრება მოითხოვა. ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე ამ მოთხოვნას „საშინელი და უსამართლო“ უწოდა. ამის შემდეგ სტოუნის საქმე იუსტიციის სამინისტრომ ჩაიბარა.