აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს უთვალთვალებდნენ
აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს უთვალთვალებდნენ

აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, აშშ-ის სპეცსამსახურები ტრამპის საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც უილიამ ბარმა ჟურნალისტებს უთხრა, მას მიაჩნია, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს უთვალთვალებდნენ, თუმცა არსებობდა თუ არა ამ „თვალთვალის დასაბუთებული საფუძველი“, მისთვის უცნობია. ამასთან, როგორც ბარმა აღნიშნა, მან არ იცის, რატომ არ იყვნენ გაფრთხილებული თვალთვალის შესახებ ტრამპი და მისი გარემოცვის წევრები.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ სპეცპროკურორ, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების ანგარიში მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე უილიამ ბარმა გაასაჯაროვა მიულერის გამოძიების შესახებ დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიულერმა და მისმა გუნდმა აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან კავშირი ვერ დაადასტურა.

თავად ტრამპმა მიულერის ანგარიშის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან მისი კავშირის გარშემო გამოძიება „გადატრიალების მცდელობა იყო“.