აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სავაჭრო ცენტრში მასობრივი სროლის დაგეგმვისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავა

02:32, 08.10.2026

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სავაჭრო ცენტრში მასობრივი სროლის დაგეგმვისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცს მინესოტაში, მინეაპოლისთან მდებარე Mall of America-ში მასობრივი სროლა ჰქონდა დაგეგმილი.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, მამაკაცი თავდასხმის განხორციელებას „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გეგმავდა.

შეიხდუნ აბდულაჰი მოჰამუდი მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარულმა აგენტმა მას 600 დოლარად “AK-47” ტიპის ავტომატი, საბრძოლო მასალა და მჭიდები მიჰყიდა. მოჰამუდმა ინფორმატორს უთხრა, რომ ოქტომბრის ბოლოს სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე 30-დან 60-მდე ადამიანის მოკვლას გეგმავდა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის მფლობელები ებრაელები იყვნენ და ამიტომ მათი მოკვლა სურდა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, მოჰამუდი თავდასხმას 24 ოქტომბერს გეგმავდა.

Mall of America შეერთებული შტატების უდიდესი სავაჭრო ცენტრია. კომპლექსში თემატური პარკი, აკვარიუმი და 500-ზე მეტი მაღაზიაა.

მსგავსი