აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გაასაჯაროვა

12:39, 06.08.2026
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის საგადასახადო შეღავათების ინიციატივის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე, რომელიც ლას-ვეგასში (ნევადის შტატი) ჩატარდა. 2026 წლის 5 აგვისტო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის საგადასახადო შეღავათების ინიციატივის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე, რომელიც ლას-ვეგასში (ნევადის შტატი) ჩატარდა. 2026 წლის 5 აგვისტო

თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა FBI-ის დოკუმენტები, რომლებიც 2017 წლის მაისში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიებას ეხება. იმ დროს სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობდნენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა, რუსეთის აგენტი ყოფილიყო. გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა ტრამპის მიერ FBI-ის მაშინდელი დირექტორის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

ამის შესახებ თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

FBI-ს შიდა მიმოწერით დასტურდება, რომ გამოძიება, კოდური სახელწოდებით „Oxferd Comma“, 2017 წლის 9 მაისს, კომის გათავისუფლებისთანავე დაიწყო. ის ეფუძნებოდა ბრალდებას, რომელიც, გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, თავად ბიუროს აგენტების უმეტესობას უსაფუძვლოდ მიაჩნდა.

„FBI იწყებს სრულმასშტაბიან გამოძიებას, რადგან არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იძლევა გონივრულ საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი, შესაძლოა, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად მონაწილეობდა ან მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის მთავრობის სასარგებლოდ ან მისი სახელით განხორციელებულ საქმიანობაში, რაც, შესაძლოა, წარმოადგენდეს აშშ-ის ფედერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას ან საფრთხეს უქმნიდეს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია 2017 წლის 16 მაისით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში, რომლითაც გამოძიების დაწყება გამოცხადდა.

გამოძიების მიზნად დასახელდა იმის დადგენა, იმყოფებოდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ, ან ახდენდა თუ არა საკუთარი საქმიანობის რუსეთთან კოორდინირებას ისეთი ფორმით, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას.

FBI-ის კონტრდაზვერვის განყოფილების მიერ მომზადებულ მემორანდუმში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ რუსეთის შესაძლო გავლენისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შესახებ არსებული ეჭვები ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი იყო, ნაწილობრივ თავად დონალდ ტრამპის მიერ ამ გადაწყვეტილების საჯარო განმარტებების გამოც.

FBI-მ გამოძიებას „განსაკუთრებული კონფიდენციალობის მქონე საგამოძიებო საქმის“ სტატუსი მიანიჭა და განაცხადა, რომ ის „ყველაზე ნაკლებად ინტრუზიული (ჩარევის შემცველი) მეთოდი იყო იმ სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების რისკის გამოსაკვლევად, რომელსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საქმიანობა ქმნიდა.“

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, გამოძიება დაიწყო იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის რაიმე სახის შეთქმულების ან კოორდინაციის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს.

სპეციალური პროკურორის, ჯონ დარემის მიერ შემდგომში ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც 2023 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ FBI-ს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, ტრამპის რუსეთთან სავარაუდო გარიგების შესახებ თუნდაც თავდაპირველი გამოძიება (Crossfire Hurricane) დაეწყო.

საქმე 2019 წლის 9 აპრილს დაიხურა, რადგან გამოძიებამ რუსეთის ფედერაციასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. მოგვიანებით გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ასევე გაირკვა, რომ ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლება დასაბუთებული იყო, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი მიიჩნევდა, რომ მან ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების გამოძიება არასათანადოდ წარმართა. დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გამოძიება, შესაძლოა, ჰილარი კლინტონის ინიციატივით ყოფილიყო დაწყებული, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.

 

სტატიის ავტორი: ოლექსანდრა არტასევიჩი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ჯიმ უოტსონი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 6 აგვისტო, 2026 წელი, 07:11 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი