აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის დაფარვაში სდებენ ბრალს
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის დაფარვაში სდებენ ბრალს

ჩინეთმა საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელყოფით, 2019 წლის მიწურულს გამიზნულად დაფარა ან გაანადგურა მტკიცებულებები უხანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ, რომლის მსხვერპლიც ათობით ათასი ადამიანი გახდა, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დასავლური სპეცსამსახურები, რომლებმაც 15 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს.

დოკუმენტში საუბარია, რომ ჩინეთის ხელისუფლება „სხვა ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნით“ ფარავდა ნებისმიერ სიახლეს კორონავირუსის გამოვლინებასთან დაკავშირებით, აიძულებდა ექიმებს გაჩუმებულიყვნენ ან იტაცებდა მათ, ანადგურებდა ლაბორატორიებში ვირუსის შესახებ მონაცემებს და უარს აცხადებდა ბიომასალები მიეწოდებინა უცხოელი მეცნიერებისთვის, რომლებიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ პეკინი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ფლობდა მტკიცებულებას ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ. თუმცა, 2020 წლის 20 იანვრამდე ამ ფაქტს უარყოფდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა 3 იანვარს განკარგულება გასცა, გაენადგურებინათ კორონავირუსის ნიმუშები და არ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია უცნობი ინფექციის შესახებ.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ასწავლიდა და აფინანსებდა ჩინელი მეცნიერების ჯგუფს, რომელიც იკვლევდნენ გენეტიკურად მოდიფიცირებულ მომაკვდინებელ კორონავირუსებს, რომელთაც ღამურებიდან ადამიანზე შეუძლიათ გავრცელება და მკურნალობას არ ექვემდებარებიან.

საუბარია მეცნიერთა ჯგუფზე, რომელთაც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან ექიმი ში ჩჟენლი ხელმძღვანელობდა. ჩჟენლი ​ 2013 წელს აწარმოებდა კვლევას იუნანის პროვინციაში არსებულ ერთ-ერთ ღვიმეში მცხოვრები ღამურების ფეკალიის ნიმუშებზე. მათ დაადგინეს, რომ დაახლოებით 50 ვირუსიდან სულ მცირე ერთი, 96%-ით გენეტიკურად მსგავსია SARS-CoV-2 -ის, რომელიც იწვევს ატიპიურ პნევმონია „კოვიდ-19“-ს.

მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს SARS-ის მსგავსი კორონავირუსების სინთეზი, რათა დაედგინათ, შეუძლიათ თუ არა მათ, გავრცელდნენ ღამურებიდან ძუძუმწოვრებში. 2015 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებულმა ამ კვლევამ აჩვენა, რომ SARS-ის მსგავს ვირუსს შეუძლია პირდაპირ გავრცელდეს ღამურებიდან ადამიანზე და არ დაექვემდებაროს მკურნალობას.

როგორც „დეილი ტელეგრაფი“ აღნიშნავს, სპეცსამსახურებს შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა SARS-CoV-2 კორონავირუსის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ავსტრალიური დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი უხანის ბაზარში გამოჩნდა, რაც შეესაბამება ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას. ამერიკული დაზვერვა სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ვერსიის მიმართ. აშშ-ში აცხადებენ, რომ ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა ჯერ არ აქვთ.

წყარო: „დოიჩე ველე“