აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების ნაწილთან დაკავშირებული ტრანზაქციების ლიცენზიები 2027 წლის 24 აპრილამდე გაახანგრძლივა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის 24 აპრილამდე გაახანგრძლივა ზოგადი ლიცენზიების მოქმედების ვადა, რომლებიც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების ნაწილთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ნებართვას აძლევს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებით, ლიცენზიები ვრცელდება რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებსა და ბულგარეთის ოთხ სუბიექტზე, მათ შორის, ბურგასში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
OFAC-ის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია საცალო მომხმარებლების დაცვა სანქციების შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან. ნებადართული ტრანზაქციები მოიცავს მომწოდებლებისთვის თანხის გადახდას, ქირის, დაზღვევისა და თანამშრომელთა ხელფასების გადახდას.
მედიის ცნობით, ლიცენზიები ასევე იძლევა რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შეძენის, ტექნიკური მომსახურებისა და სადგურების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საჭირო ოპერაციების განხორციელების უფლებას.
ცნობისთვის, 2025 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსული ნავთობკომპანიები „როსნეფტი“ და „ლუკოილი“, აგრეთვე მათი 34 შვილობილი კომპანია. 2025 წლის 10 დეკემბერს OFAC-მა გასცა სპეციალური ლიცენზია, რომელიც სანქციებისგან თავისუფალ კომპანიებს „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენის შესაძლებლობას აძლევდა.