აშშ-ის ფედერალური ბიურო და იუსტიციის დეპარტამენტი, დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის გამო, სამართალდამცველებს გახშირებული მუქარების შესახებ აფრთხილებენ
აშშ-ის ფედერალური ბიურო და იუსტიციის დეპარტამენტი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის გამო, სამართალდამცველებს გახშირებული მუქარების შესახებ აფრთხილებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური ოფიციალური პირების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ძალადობრივი მუქარები გახშირებულია.
ამავე დროს, ფედერალური საგამოძიებო ბიურო და იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ წერილობით მუქარაში დასახელებულია სპეციფიკური სამიზნეები, ტაქტიკა და იარაღი. ასევე, დასახელებულია ის მოსამართლე, რომელმაც დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის ნებართვა გასცა.
შეგახსენებთ, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლი იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ორდერისა და სასამართლოს განჩინებით გაჩხრიკეს. ორდერში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ტრამპის სახლიდან „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტების 11 საქაღალდე ამოიღეს.
ტრამპს ჯაშუშობის შესახებ აქტის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება. თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.