აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, ჩინეთს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდოს
აშშ მზადაა, ჩინეთს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდოს, – ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის რაითმა განაცხადა.
მისი თქმით, პეკინი რუსეთიდან შესყიდვებს თუ შეამცირებს, ვაშინგტონი მას მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს მიჰყიდის.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, აშშ-ჩინეთს შორის „ურთიერთსასარგებლო გარიგებების“ პოტენციალი არსებობს, რადგან შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უდიდესი ექსპორტიორია, ხოლო ჩინეთი – უდიდესი იმპორტიორი.
„შეერთებულ შტატებს აქვს დიდი პოტენციალი, გააფართოოს ჩვენი როლი სამხრეთ კორეისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობისა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდებაში“, – აცხადებს კრის რაითი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.
კრის რაითის განმარტებით, ის აზიაში ჩასვლას რამდენიმე კვირაში ან უფრო ადრეც, დონალდ ტრამპის მიერ ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ აპირებს.
ცნობისთვის, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვების შეჩერების შესახებ კოლეგასთან საუბარს გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ შეაჩერა, რაც აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.