აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს ფოთის ბაზაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ხარაბაძემ უმასპინძლა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს სანაპირო დაცვის ძირითადი ამოცანები და შესაძლებლობები გააცნეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დაათვალიერა სანაპირო დაცვის ერთ-ერთი სადარაჯო ხომალდი და საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა.
კორტნი ოსტრიანი დელეგაციასთან ერთად სუფსაში მდებარე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ეწვია, სადაც ცენტრის უფროსმა სტუმრებს საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.