აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ის მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ამჟამად 83 ქვეყანა აქვს შეტანილი სამოგზაუროდ „ძალიან მაღალი რისკის“ ქვეყნებში. ხოლო ორშაბათს ანდორა, კვიპროსი და ლიხტენშეტაინი დაემატა „ყველაზე მაღალი რისკის“ ქვეყნების სიას.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აშშ-ში საერთაშორისო საჰაერო გზით ჩასულმა მგზავრებმა ბოლო ერთი დღის განმვლობაში გაკეთებული ნეგატიური კოვიდტესტი უნდა წარადგინონ. აქამდე მოქმედი რეგულაციებით, აშშ-ში საჰაერო გზით ჩასულ ვაქცინირებულ საერთაშორისო მოგზაურს უნდა წარედგინა ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული ტესტის პასუხი.
ამასთან, 29 ნოემბრიდან აშშ-ში აიკრძალა რვა სამხრეთაფრიკული ქვეყნიდან მოგზაურების ჩასვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.
ცნობისთვის, საფრანგეთში ამჟამად გამოვლენილია „ომიკრონ“ ვარიანტის 25 შემთხვევა. კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევების გამოვლენის გამო, ქვეყანამ ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. საშობაოდ ოთხი კვირით დაიხურება ღამის კლუბები და გამკაცრდება სოციალური დისტანციის წესები. ამასთან, ქვეყნის პრმემიერ-მინისტრი ამჟამად ლოკდაუნის ან კომენდანტის საათის დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავს.