აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
რობერტ რედფილდის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ პირველი ვაქცინაციის დაწყება უკვე 14 დეკემბრიდან იგეგმება და ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამერიკელების დასაცავად, პანდემიის გავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ცხოვრების ნორმალური მდგომარეობის აღდგენისთვის.
„სიენენის“ ინფორმაციით, დღესვე ვაქცინების პირველი პარტია „ფაიზერის“ ქარხანაში სატვირთო მანქანებზე დატვირთეს და ქვეყნის მასშტაბით განაწილება დაიწყეს.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა პარასკევს გასცა, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა – შაბათს.
ვაქცინაციის პროცესში 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან.