აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის ერთობლივი განცხადება – „ძალადობრივი უმცირესობა ცდილობს ბოლივიელთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას, მოვუწოდებთ მობილიზებულ ჯგუფებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგს“
ამერიკის შეერთებული შტატების, არგენტინის, ბოლივიის, კანადის, ჩილეს, კოსტა-რიკას, დომინიკის რესპუბლიკის, ეკვადორის, ელ სალვადორის, გვატემალას, გაიანას, ჰონდურასის, იამაიკას, პანამას, პარაგვაისა და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე საგზაო ბლოკადის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ქვეყნები აცხადებენ, რომ საპროტესტო ჯგუფების მიერ გზების ხანგრძლივი გადაკეტვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს.
მათი თქმით, პრეზიდენტ როდრიგო პასის ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მიმართული მცდელობები ძირს უთხრის სტაბილურობას ბოლივიასა და მთლიანად რეგიონში.
„ღრმად შეშფოთებული ვართ ბოლივიაში ძალადობრივი საგზაო ბლოკადების გავლენით დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. პრეზიდენტ როდრიგო პასის ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შესუსტებისა და დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში კონსტიტუციურ წესრიგს, დემოკრატიულ სტაბილურობას. ძალადობრივი უმცირესობა ცდილობს ბოლივიელთა უმრავლესობის მიერ სულ რამდენიმე თვის წინ არჩევნებში გამოხატული ნების უგულებელყოფას. ეს ჯგუფები უარს ამბობენ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ დიალოგზე და შვიდ კვირაზე მეტია, აგრძელებენ გზების ბლოკირებას, რის გამოც ბოლივიის მოსახლეობას ეზღუდება წვდომა საკვებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საწვავსა და სხვა აუცილებელ რესურსებზე. ამ ქმედებებმა მილიონობით მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმე გავლენა მოახდინა და საფრთხე შეუქმნა ფუნდამენტურ უფლებებს. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბოლივიელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შემთხვევები, რაც გზებზე გადაადგილების შეზღუდვებმა გამოიწვია – ადამიანებმა დროულად ვერ შეძლეს მედიკამენტებზე, საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებზე წვდომა. ცალკეულ შემთხვევებში, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებიც დაშავდნენ. ძალადობა ვერ შეცვლის და ვერ დაარღვევს კონსტიტუციურ წესრიგს. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციურად არჩეულ ბოლივიის მთავრობას და მოვუწოდებთ მობილიზებულ ჯგუფებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რომლებიც დემოკრატიის ფუნდამენტური ინსტრუმენტებია და კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში უნდა განხორციელდეს. თავისუფლების, დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების დაცვა მოითხოვს ერთგულებასა და თანამშრომლობას. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებისა და დემოკრატიული წესრიგის დაცვის მიმართულებით. სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტ პასის დემოკრატიულ მთავრობასა და ბოლივიის ხალხს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.