აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - რუსი მფრინავების მხრიდან სირიის საჰაერო სივრცეში ბოლო დროს ხშირად შეინიშნება აგრესიული ქცევა ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებთან მიმართებაში
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - რუსი მფრინავების მხრიდან სირიის საჰაერო სივრცეში ბოლო დროს ხშირად შეინიშნება აგრესიული ქცევა ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებთან მიმართებაში

რუსი მფრინავების მხრიდან სირიის საჰაერო სივრცეში ბოლო დროს ხშირად შეინიშნება აგრესიული ქცევა ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებთან მიმართებაში, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

„როგორც ჩანს, რუსი მფრინავები არ ცდილობდნენ ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებას, მაგრამ, შესაძლოა, ცდილობდნენ აშშ-ის პროვოცირებასა და საერთაშორისო ინციდენტში გახვევას“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ 2 და 18 აპრილით დათარიღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ვიდეოებში ასახულია, რუსული „სუ-35“-ის ტიპის გამანადგურებელი, რომელიც ამერიკული „ეფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავისთვის ახორციელებს „საფრთხის შემცველ და არაპროფესიონალურ“ ჩაჭრას, ხოლო 18 აპრილის ვიდეოში ასახულია რუსული გამანადგურებელი, რომელმაც დაარღვია კოალიციის საჰაერო სივრცე და მიუახლოვდა ამერიკულ თვითმფრინავს 2000 ფუტის მანძილზე.

ბოლო რამდენიმე შემთხვევის გამო ამერიკელი მაღალჩინოსნები რუს კოლეგებს დაუკავშირდნენ, თუმცა მომდარს არ აღიარებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა თვითმფრინავმა კონფლიქტის თავიდან არიდების პროტოკოლი დაარღვია. მარტის დასაწყისიდან სულ 85 შემთხვევაა დაფიქსირებული.