აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა, უილიამ ბარნსმა ჩინეთს „ავტორიტარული მეტოქე“ უწოდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა, უილიამ ბარნსმა ჩინეთს „ავტორიტარული მეტოქე“ უწოდა

ჯო ბაიდენის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა, უილიამ ბარნსმა ჩინეთს „ავტორიტარული მეტოქე“ უწოდა.

ეს განცხადება მან სენატის სხდომაზე გააკეთა, სადაც ბარნსი კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა.

გამოცდილმა დიპლომატმა სენატში საუბრისას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად მუშაობისას მისი პრიორიტეტები დაასახელა. ბარნსის თქმით, ესენია „ხალხი, პარტნიორობა, ჩინეთი და ტექნოლოგია“.

„ჩინეთთან კონკურენციაში წარმატების მიღწევა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მომდევნო წლებში გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ბარნსმა.

ბარნსმა ჩინეთს „ავტორიტარული მეტოქე“ უწოდა, რომელიც „აძლიერებს შესაძლებლობებს და ინსტრუმენტებს ინტელექტუალური საკუთრების მოსაპარად, საკუთარ ხალხს რეპრესიებს უწყობს, აფართოებს გავლენის სფეროს და ამას აშშ-შიც აკეთებს.“

სენატში გამოსვლისას ბარნსმა განაცხადა, რომ მისი სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დამტკიცების შემთხვევაში, ის გამოვა რეკომენდაციით, რომ აშშ-ში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტები დაიხუროს, რომელთაც კონგრესმენების ნაწილი პეკინის პროპაგანდის გავრცელების ინსტრუმენტად მიიჩნევს.

ჩინეთთან ერთად ბარნსმა აშშ-ის საფრთხეებს შორის დაასახელა რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მისივე თქმით, საფრთხეს წარმოადგენს ასევე კლიმატის ცვლილებები, გლობალური ჯანდაცვის საკითხები და კიბერთავდასხმები.

აღსანიშნავია, რომ ბარნსი სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს დირექტორად აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა და სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლეონ პანეტამ წარადგინეს.